რეგიონები სტიქიებისთვის ინფრასტრუქტურულად მზად არ არიან
კახეთის რეგიონში ღვარცოფული ხასიათის მდინარეები მრავლად არის რაც საშიშია როგორც სოფლის მეურნეობისთვის, ისე საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. ექსპერტები და სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო.
მათი განმარტებით, ღვარცოფულ ხევებსა და მდინარეებზე მუდმივი მონიტორინგი და იქ არსებული მდგომარეობის შესწავლა/შეფასება უნდა ხდებოდეს, რათა ნებისმიერი სახის ზარალი თავიდან იქნეს აცილებული.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, პრობლემური იყო 2023 წელი და არანაკლები იქნება წელს კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით. უნდა ველოდოთ, უფრო მეტ მეწყერს, უფრო მეტ წყალდიდობას.
,,კავკასიონიდან რომელი მდინარეც იღებს სათავეს, პირდაპირ კავშირშია ღვარცფულ ნაკადებთან. კავკასიონზე განვითარებულმა დნობამ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოიწვიოს ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნა. აქედან გამომდინარე, მდინარეები, რომელიც სათავეს იღებს იქიდან, არის საშიში”.
ნინო ჩხობაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტებში უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახურები ან კომისიები, სადაც გარემოს დაცვის კუთხით მომუშავე პირები, გეოლოგები და სხვა სპეციალისტები შევლენ.
,,საფრთხეებს ჭირდება თავისი რეაგირების გეგმები, უნდა ვიცოდეთ როგორ ვიმუშავოთ. უნდა იყოს გამართული მონიტორინგის და პროგნოზირების სისტემები, უნდა მოხდეს იმ ადგილების მონიტორინგი, რომელიც ტურისტული ადგილია, ბევრი ხალხი და ტურისტი გადაადგილდება. ყველა ქალაქს უნდა ყავდეს სპეცდანიშნულების ჯგუფი, რომელიც სტიქიასთან ბრძოლასაც დაიწყებს, ასევე მოახდენს გამოკითხვას პროცესში ჩართული ხალხის და შესაბამისი დასკვნის გაკეთებას შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყველა მერიას მოვუწოდებ, რომ გახსნან გარემოს დაცვის სამსახურები სხვადასხვა მიმართულებით და აიყვანონ სამსახურში სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იმუშავებენ, გამოცემულ ბიულეტენებს გაეცნობიან, გააანალიზებენ და წინასწარ პროგნოზს გააკეთებენ’’.
ბოლო წლებია სტიქია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვნად აზარალებს. უმეტეს შემთხვევებში, გაუწმენდავმა ხევებმა და სანიაღვრე არხებმა, ხშირი წვიმების შედეგად წარმოქმნილი ნალექი ვეღარ გაატარა და გზებზე გადმოვიდა. სწორედ ამის გამო მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა როგორც არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე სოფლის მეურნეობას და იქ მცხოვრებ მოსახლეობას.
,,ნებისმიერ გაწვიმებაზე ხდება ნიადაგების რეცხვა. მაგალითად, კახეთშიც რთული მდომარეობაა. ერთ წელიწადს ალაზანიც კი დაშრა და მისი ის მსხვილი შენაკადებიც, რომელიც არასოდეს დამშრალა. ამ დროს კი, გაზაფხულობით და შემოდგომობით კახეთშიც ვნახეთ სერიოზული წყალმოვარდნები. ეს დიდი წვიმის შედეგი კი არა, იმის შედეგია, რომ მდინარეების აუზში ბუნებრივი ბალანსი აღარ არის”, – განაცხადა CENN-ის დირექტორის მოადგილემ, რეზო გეთიაშვილმა.
მდინარე თელავის ხევის გაწმენდითი სამუშაოები წელიწადზე მეტია ჩატარდა. მდინარის კალაპოტში დაგროვილი დიდი მოცულობის მყარი მასალა კი წყალმოვარდნების პერიოდში, კალაპოტის მაღალი ქანობების პირობებში, ღვარცოფული ნაკადის სახით გადაადგილდება და ალაქ თელავის მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. 2022 წელს ნაგებობების რეაბილიტაცია და დაგროვილი ნატანებისგან გაწმენდა განხორციელდა. მდინარის დამანგრეველი ღვარცოფული ნაკადისაგან დასაცავად, გასული საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში, ქალაქ თელავის სამხრეთით მდინარე თელავის ხევზე სპეციალური ნაგებობები აშენდა. სპეციალისტების თქმით, თელავში ღვარცოფის მოვარდნის საშიშროება ყოველთვის არსებობს.
,,კახეთის მუნიციპალიტეტში შევისწავლეთ და ჩავატარეთ კვლევები სხვადახვა აუზებზე. ეს იყო სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობა. ვიმუშავეთ თელავში, ახმეტაში, საგარეჯოში, გურჯაანში და რაც დავინახეთ, განსაკუთრებით ცივგომბორზე, მართლა არის უმძიმესი მდგომარეობა. ფაქტობრივად მომზადებულია ეს ხეობები, რომ მოხდეს სტიქიები და კიდევ, რაც დაგვანახა ამან არის ის, რომ ჩვენ არ ვებრძვით მიზეზებს იმისთვის რომ განხორციელდეს პრევენცია. აუცილებელია შეფასება აუზის მდგომარეობის და ყველა იმ ფაქტორის გამოვლენა, რომელიც იწვევს სტიქიებს. უნდა მომზადდეს პროექტი, რომ შემცირდეს მაპროვოცირებელი ფაქტორები. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, მხოლოდ ვუყურებთ იმ ადგილს, სადაც სტიქია მოხდა და არ ავდივართ ცოტა ზემოთ, რომ ვნახოთ რა იწვევს ამას”, – აცხადებს რეზო გეთიაშვილი”.