ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი
ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ნათია იოსელიანის თქმით, იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინასწარი ინფორმირებულობა. ამ მიზნისთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი.
,,საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. ამომრჩევლების ინფორმირებულობა და მათი აქტიური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა არჩევნების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული მონაცემების დროული გადამოწმება არა მხოლოდ ინდივიდუალური საარჩევნო უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, არამედ სისტემურ დონეზე აძლიერებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობას. შესაბამისად, სწორედ ამ მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, მიმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცვლილებების შესატანად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51“,- განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

