ახალი ამბები

ბრიტანულ ღვინის გამოცემაში ქართული ღვინის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბრიტანულ ღვინის გამოცემაში „Harpers Wine and Spirit” ქართული ღვინის შესახებ სტატია „Unusual Suspects” („არაჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“) გამოქვეყნდა.
საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე პროფესიონალურ ჟურნალში „Harpers Wine & Spirit” დიდი ბრიტანეთის ღვინისა და სპირტიანი სასმელების ბაზარზე არსებული მთავარი ინფორმაციები იყრის თავს.
სტატიის ავტორი ენდრიუ კეჩპოლი (Andrew Catchpole) საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული მარკეტინგული კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით გამართული ტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
სტატიაში საუბარია ქართული ღვინის 8000 წლიან ისტორიაზე და მის პერსპექტივაზე ბრიტანეთის ღვინის ბაზაზე.
✔ფრაგმენტები სტატიიდან:
„ქართული ღვინის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ძნელია შეუმჩნეველი დარჩეს; ეს ინტერესი, შესაძლოა, ათწლეულზე მეტ ხანსაც კი გაგრძელდეს, რადგან ღვინის მოყვარული მომხმარებლები ხარბად ეწაფებიან 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის ისტორიას, რომელსაც 8000 წლიანი მეღვინეობის ტრადიცია უმაგრებს ზურგს და ეს ყველაფერი ევროპის შორეული საზღვრიდან მოდის… დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ამ ნიშურმა მოთამაშემ სერიოზული ზრდა დაიწყო, თუმცა მცირე ბაზრიდან, საქართველო სულ უფრო მეტად ცდილობს საკუთარი სრულფასოვანი კატეგორიის შექმნას, ვიდრე უბრალოდ „ცნობისმოყვარეობის“ სახით ყოფილიყო წარმოდგენილი უფრო ავანტიურისტი მსმელისთვის… როგორც Harpers-ი იუწყებოდა გაზაფხულზე, გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე ქართული ღვინოების გაყიდვები 2024 წელს 72%-ით გაიზარდა, საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კი, 2025 წლისთვის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ინვესტიციები კიდევ 50%-ით გაზარდა. როგორც ჩანს, ეს ინვესტიცია ამართლებს, რადგან პროდუქცია უკვე ჩანს ისეთ მსხვილ სავაჭრო ქსელებში, როგორებიცაა Waitrose, M&S, Lidl, Majestic და სხვა…“