ახალი ამბები

სოფელ შაშიანში ,,სამების” სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმიდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში ,,სამების” სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმიდინარეობს.
ისტორიკოსის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, სოფელ შაშიანიდან 3 კმ-ის დაშორებით ტყეში. გეგმით სამნავიანი დიდი ზომის ბაზილიკაა,რომელიც განეკუთვნება მე- VI საუკუნეს.
,,ძლიერ დაზიანებული ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით. მიმდინარეობს ბაზილიკის ჩამოქცეული კამარების აღდგენითი სამუშაოები, რომლის დამთავრების შემდეგ მოეწყობა ახალი სახურავი. პროექტით გათვალისწინებულია ,,სამების” სახელობის ეკლესიის აღდგენა თავდაპირველი სახით. ,,სამების” ეკლესია მრავალი საუკუნის მანძილზე ფუნქციონირებდა, რასაც მოწმობს ძეგლის სიახლოვეს მდებარე,დიდი ქვიტკირის ნაგებობა- აკლდამა, სადაც განისვენებენ ეკლესიის სასულიერო პირები. ,,სამების” ეკლესია დიდ სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა, რომელშიც შედიოდა რამოდენიმე ეკლესია და სხვადასხვა ნაგებობები,რომლებიც დღემდე არის შემორჩენილი დაზიანებული სახით.
სოფელ შაშიანში მდებარე ძეგლებიდან ყველაზე ძველი არის ,,სამების” სახელობის ეკლესია(VI ს). სხვა ძეგლებიდან აღსანიშნავია: ღვთისმშობლის სახელობის ორი ეკლესია, წმინდა გიორგის, კვირაცხოვლის და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიები, რომლებიც განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს (XV-XVIII სს)”.

ფოტო: თამაზ მარკოზაშვილი