ახალი ამბები

ზემო მსხალგორის სამონასტრო კომპლექსი ლაგოდეხში

სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფლიდან ჩრდ-აღმ-ით 5 კმ-ზე. მსხალგორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ბაისუბნისხევის მარჯვენა ნაპირზე. კომპლექსის ტერიტორია ხელოვნურადაა გამხოლოებული და გამაგრებული სამი მხრიდან ჩამომავალი არხით.
კომპლექსი გაითხარა 2015-2018 წლებში. კომპლექსი შედგება: ორნავიანი ბაზილიკის, წმ. გიორგის სახ. ეკლესიის, ორნავიანი საწნახლის და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ნაშთებისგან. 1. ორნავიანი ბაზილიკა სამხრეთის გალერეით VII საუკუნეშია აგებული, X საუკუნეში ტაძარი განუახლებიათ, რაზეც ტაძრის სამხრეთ კედელში ჩადგმული დამიანეს მოსახსენიებელი ხუცურით შესრულებული ნაკაწრი წარწერაც მეტყველებს, ამ დროს მიუშენებიათ დასავლეთის გარშემოსავლელი და ორნავიანი საწნახელი. მალევე ტაძარზე მეორე, ამჯერად მცირე სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.
XI საუკუნეში ბაზილიკა საბოლოოდ დაინგრა. ტაძარი აღმოჩნდა 2016-2018 წლებში.
დანგრეულია: შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1.8 მ-ია. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ჰორიზონტალური წყობით დუღაბზე. ჩრდილოეთის კედლით ნაწილობრივ მიწაში ყოფილა შესმული. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილსა და დასავლეთი კედლის შუაში აქვს გაჭრილი.

ფოტო: ზვიად თურმანიძე