ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი-შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “ფორმულას” მიერ დასმულ კითხვას მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე.

ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტში აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებულ “გრანტების შესახებ” კანონსაც, რომლითაც დონორების გრანტის გაცემამდე მთავრობის ნებართვა სჭირდებათ.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით.

ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას”, – განუცხადეს “ფორმულას” სახელმწიფო დეპარტამენტში.