მზია ამაღლობლისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯა შემაშფოთებელია – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ)
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) შეშფოთებულია “ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის დამფუძნებლისთვის მზია ამაღლობლისთვის 2-წლიანი პატიმრობის შეფარდებით.
CPJ-ის განცხადებით, ჟურნალისტისთვის ორწლიანი სასჯელი ავტორიტარული რეჟიმების ტაქტიკაა დამოუკიდებელ მედიაში შიშის დასათესად.
“საქართველოს მთავრობამ მზია ამაღლობელის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს და გამოიძიოს მისი დაკავებისას უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტები”, – აცხადებს CPJ-ის გლობალური ურთიერთობების მთავარი ოფიცერი, ჯიპსი გიენ კაიზერი.
CPJ-ი გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში მედიის გაუარესებულ მდგომარეობაზეც წერს. ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტებზე ბრუტალური თავდასხმების დაუსჯელობის პირობებში, მთავრობამ მედიის წინააღმდეგ არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო.
გუშინ, 6 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე: პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იყო. არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა არ შეცვალა. პროკურატურა მედია მენეჯერსა და ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დასჯას ითხოვდა.

