საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% უკვე საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან
საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% შეფასებულია როგორც საქართველოს რეზიდენტები. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალის შესახებ, გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
„2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20.1% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას, თანახმად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიისა ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მონაცემებში.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 1.971 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ სწორედ რუსი მოგზაურებისგან მიიღო. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-ივნისში რუსმა მოგზაურებმა საქართველოში 307.8 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით, მეორე ადგილზე საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებია 277.1 მლნ დოლარით.

