წვიმების შედეგად ხორბლის ხარისხი გაფუჭდა – ლევან სილაგავა
„საქართველოში 200 ათას ტონა ხორბლის მოსავალს ველოდებით“, – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, წელს წვიმებმა მოსავლის აღების პროცესი გაახანგრძლივა და გარკვეულწილად შექმნა ხარისხის პრობლემა. უფრო კონკრეტულად, უხვი ნალექის გამო, წელს საპროგნოზო 200 ათასი ტონა მოსავლის დაახლოებით ნახევარი არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების იქნება.
„შექმნილია შტაბი, რომლის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, შტაბში არიან წისქვილკომბინატები, მარცვლეულის ასოციაცია, პურის მწარმოებლები, ასევე, წელს შტაბს მეფრინველეობის ფაბრიკები და კომბიკორმის მწარმოებელი ქარხნები დაემატა, რამაც, ფაქტობრივად, უფრო ეფექტური გადახადა შტაბის მუშაობს. შტაბში წყდება პრობლემური საკითხები და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.
დაახლოებით 200 ათას ტონა ხორბლის მოსავალს ველოდებით. მარცვლეულთა ასოციაციამ განაცხადა, რომ აქედან 50% იქნება საფურაჟე, წვიმებმა ხორბლის ნაწილი სასურსათოდან არასასურსათო კატეგორიაში გადაიყვანა – წვიმების შედეგად ხარისხი გაფუჭდა. 200 ათას ტონას ველოდებით და აქედან, სავარაუდოდ, 100 ათასი იქნება სასურსათო, დარჩენილი 100 ათასი კი არასასურსათო, რომელსაც მოიხმარს მეცხოველეობა, მეფრინველეობა, სპირტის წარმოების სექტორი და ა.შ“, – აღნიშნავს ლევან სილაგავა.
მისივე თქმით, ქართული ხორბლის ჩაბარების ფასი, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია.
„მსოფლიო ფასი სტაბილურია, წინა პერიოდებში მცირედით იკლო ფასმა. რაც შეეხება ფასებს საქართველოში, 1 კგ. ქართული სასურსათო ხორბლის ჩაბარების ფასი 70 თეთრია, არასასურსათო კი 60 თეთრი ღირს. უფრო უკეთესი სურათია შარშანდელთან შედარებით, რადგან შარშან 60 თეთრი ღირდა სასურსათო და არასასურსათო 50 – თეთრი. ერთ-ორ კვირაში ჩვენი ხორბლის აღების პროცესი დასრულდება და შემდეგ უკეთესად შევძლებთ წლევანდელი ალოობის პროცესის ანალიზს“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ლევან სილაგავამ.

