ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივები ახმეტის მუნიციპალიტეტში – სამაგალითო პრაქტიკა უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით
2025 წლის ევროპის ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სამი ახალგაზრდული ინიციატივა, რომელთა ავტორები და განმახორციელებლები ადგილობრივი ახალგაზრდები არიან. პროექტები პასუხობენ თემში არსებულ საჭიროებებს და აღსანიშნავია მათი ღირებულებებზე დაფუძნებული, ინკლუზიური და შემოქმედებითი მიდგომა.
ინიციატივები განხორციელდება ევროპის ფონდის მხარდაჭერით, ხოლო ადგილობრივ კოორდინაციას ახორციელებს ახმეტის ახალგაზრდული იდეა.
ევროპის ფონდი ითვალისწინებს, რომ ახალგაზრდებს, საჭირო უნარებისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, შეუძლიათ მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩაუყარონ საფუძველი. სწორედ ამიტომ, ფონდი იყენებს „ახალგაზრდული იდეის“ მეთოდოლოგიას, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებისგან შემდგარი კომიტეტები თავად აფინანსებენ თანატოლების პროექტებს, ეძებენ ინოვაციურ გზებს და თავიანთ თემებს ემსახურებიან.
„კულტურისა და ტრადიციის დაცვის სადარაჯოზე“
პროექტის ხელმძღვანელი: სუმაია დუიშვილი
ლოკაცია: სოფელი დუისი, პანკისის ხეობა
პროექტი მიზნად ისახავს ქისტური ტრადიციების პოპულარიზაციასა და შემოქმედებით გააზრებას ახალგაზრდა თაობაში. ინიციატორების აზრით, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — როგორც თემის იდენტობის გასაძლიერებლად, ისე ახალგაზრდების თვითგამოხატვისა და თვითშეფასების გასაზრდელად.
აქტივობები მოიცავს:
• თექისა და ქისტური კულინარიის მასტერკლასებს ადგილობრივ ოსტატებთან ერთად;
• ფოტოგრაფიის კონკურსს, რომელიც ასახავს პანკისის ტრადიციებსა და ყოფას;
• დისკუსიებს ქისტურ-ქართული კულტურული კავშირების შესახებ;
• ონლაინ პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება ნამუშევრები, რეცეპტები და ფოტოები;
• შემაჯამებელ გამოფენასა და დაჯილდოებას.
პროექტში ჩართულია მოტივირებული მოზარდები და მხარდამჭერი მედია, მათ შორის „Pankisi Times“ და „კახეთის ხმა“.

„აღმოაჩინე ჯანსაღი ცხოვრების წესი“
პროექტის ხელმძღვანელი: მარიამი მარგოშვილი
ლოკაცია: სოფელი ჯოყოლო, ახმეტის მუნიციპალიტეტი
სამდღიანი ახალგაზრდული ბანაკი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდებში გუნდური უნარების განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
• ტრენინგები სწორი კვების, ვარჯიშისა და მავნე ჩვევების შესახებ;
• ეკოაქტივობები და ნაძვების დარგვა;
• ხატვის, ხელოვნებისა და გუნდური მუშაობის პრაქტიკული სესიები;
• შემაჯამებელი კონკურსი, მოტივაციის მხარდასაჭერად.
პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდა მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას, თემისადმი პასუხისმგებლობის გაღვივებას და ეკოლოგიური ღირებულებების დამკვიდრებას.

„გაიხალისე ზაფხული“
პროექტის ხელმძღვანელი: თაკო ყარალაშვილი
ლოკაცია: ახმეტის ცენტრი
პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წახალისება და თემში თანატოლთა ჩართულობის გაზრდა სპორტული ღონისძიებების საშუალებით. ინიციატორებს უკვე აქვთ მსგავსი ღონისძიებების გამოცდილება და სურთ ამ ინიციატივის ტრადიციად ქცევა.
სამდღიანი პროგრამა მოიცავს:
• მხიარულ სტარტებს 8-13 წლის ბავშვებისთვის;
• ფეხბურთის ტურნირს 14-17 წლის მოზარდებისთვის;
• შერეულ ფრენბურთის ტურნირს გოგონებისა და ბიჭებისთვის.
ღონისძიებები გაიმართება ახმეტის ცენტრში, ახლადრეაბილიტირებულ სპორტულ მოედანზე და მოიცავს როგორც მონაწილეებს, ისე მოხალისე თანაორგანიზატორებს. აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ახალგაზრდები, მოხალისეები და თემის უფროსი თაობაც კი, რაც პროექტს განსაკუთრებით საზოგადოებრივ მნიშვნელობას ანიჭებს.

დასკვნა
ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ახალგაზრდული პროექტები ნათლად წარმოაჩენენ იმ შესაძლებლობებს, რაც ახალგაზრდებს აქვთ, როდესაც მათ მხარდაჭერა და სივრცე ეძლევათ. აღნიშნული ინიციატივები არა მხოლოდ საჭიროებებს პასუხობენ, არამედ ქმნიან შთაგონების წყაროს სხვა თემებისთვისაც — სადაც ახალგაზრდობა არა მომავლის, არამედ უკვე დღევანდელი ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
🔸 სუმაია დუიშვილი – პროექტი: კულტურისა და ტრადიციის დაცვის სადარაჯოზე
„ჩვენი ტრადიციები ჩვენი ფესვებია. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, რომ ქისტური კულტურა არ დარჩეს მხოლოდ წარსულში, არამედ გახდეს ცოცხალი, გაზიარებადი და ახალგაზრდებისთვის საამაყო. ეს პროექტი ჩემთვის არის პასუხიმგებლობა და შანსი – გადავცეთ მემკვიდრეობა მომავალ თაობას.“
🔸 მარიამი მარგოშვილი – პროექტი: აღმოაჩინე ჯანსაღი ცხოვრების წესი
„მჯერა, რომ ცოდნამ შეიძლება შეცვალოს დამოკიდებულება – განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ბანაკის იდეა სწორედ აქედან დაიბადა: გვინდოდა, მხარი დაგვეჭირა ჯანსაღი და ეკომეგობრული ცხოვრების წესისთვის, გუნდურობისთვის და პოზიტიური ცვლილებებისთვის ჩვენს თემში.“
🔸 თაკო ყარალაშვილი – პროექტი: გაიხალისე ზაფხული
„ეს პროექტი ჩემთვის მეგობრობაა, მოძრაობაა და ენერგიაა. გვინდოდა, ზაფხული გამოგვეყენებინა არა მხოლოდ გართობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ახალგაზრდები გავერთიანებულიყავით და უფრო მეტი სიხალისე და ჯანსაღი აზრი შეგვეტანა ჩვენს თემში.“

მუსლიმ ბორჩაშვილი
ახმეტის ახალგაზრდული იდეის წარმომადგენელი

