ხორბლის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა და 2,5 და 3 ტონამდე მერყეობს
„ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. შექმნილი გვაქვს საორგანიზაციო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს ხორბლის მოსავლის აღების და დაბინავების ლოგისტიკური ჯაჭვის გამართულ მუშაობას. ფერმერებთან, წისქვილკომბინატებთან, შემსყიდველ საწარმოებთან ოპერატიული კომუნიკაცია უზრუნველყოფილია ჩვენი შესაბამისი სამსახურების მიერ,” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, განაცხადა.
რაც შეეხება ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხს, მინისტრის თქმით, მოსავლის აღების პროცესში ჩართულია 300-მდე კომბაინი. დღეისათვის, ხორბლის მოსავალი უკვე აღებულია 15 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ ჰქონდეთ. სახელმწიფოს მიერ 9,6 მლნ ლარით თანადაფინანსებულია მარცვლოვანი კულტურების შემნახველი 23 საწარმოს შექმნა, რაც დარგისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა.
მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების აუცილებელი წინაპირობაა მოსავლის აგროვადებში აღება, ამინდებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი, და შესაბამის პირობებში განთავსება/დაბინავება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში გაზრდილია საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა და 2,5 და 3 ტონამდე მერყეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 5 ტონამდეა. წარმოებაც სტაბილურია და, ვფიქრობთ, იმ მხარდაჭერით, რაც სახელმწიფოსგან ფერმერებს აქვთ და გულისხმობს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, ისე ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ტენდენციაც გვექნება“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

