„საქმე ეხება მიზანმიმართულ დაბინძურებას”- სურსათის სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე ატამს რეალიზაციისთვის შეფერილობას პულივიზატორის საშუალებით აძლევს.
სეს-ის განცხადებით, ადგილი აქვს სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. ფაქტზე სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა.
„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

