ახალი ამბები

უცხოური დონორის მიერ საქართველოში გრანტის გაცემის წესები და პირობები დამტკიცდა – რა წერია დადგენილებაში

უცხოური დონორის მიერ საქართველოში გრანტის გაცემის წესები და პირობები დამტკიცდა. შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნებულია.

უფრო კონკრეტულად, დადგენილების მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებზე უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემა მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ამისთვის კი, მთავრობას შესაბამისი პროექტი თავად საბიუჯეტო ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა თანხმობას გასცემს გრანტის ხელშეკრულების წერილობითი პროექტის საფუძველზე, რომელიც გრანტის გამცემსა და მიმღებს შორის ფორმდება.

რაც შეეხება გრანტის ხელშეკრულების პროექტის შინაარს, უნდა შეიცავდეს უცხოური დონორის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებსა და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც დონორი უყენებს გრანტის მიმღებს.

ამასთან, გრანტის რამდენიმე დონორის მიერ გაცემისას (თანადაფინანსებული გრანტი), გრანტის ხელშეკრულების პროექტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გრანტის ყველა გამცემის და საერთო ბიუჯეტში მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ.

იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი გრანტის ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე მიმღები, გრანტის ხელშეკრულების პროექტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეულ მათგანზე და ბიუჯეტიდან მათ მიერ მისაღებ წილზე.

ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრანტის გამოყენების მიზანი, მოცულობა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულება, დონორი საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ხელშეკრულების პროექტს, ამ წესის შესაბამისად.

დადგენილების მიხედვით, გრანტის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებული მასალები/ დოკუმენტები იტვირთება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში“ და ეგზავნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტს, მასალების შინაარსობრივი მხარის შესწავლის მიზნით.

შინაარსობრივი შესწავლა კი გულისხმობს, გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარ შეფასებას და შესაბამისობის დადგენას სამთავრობო პროგრამასთან, საქართველოს მთავრობის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებსა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან.

როგორდ დადგენილებაშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში, თუ გრანტის ხელშეკრულების პროექტზე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, აღნიშნული ნიშნავს საქართველოს მთავრობის უარს გრანტის გაცემაზე, რის თაობაზეც გრანტის ხელშეკრულების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ინიციატორ მხარეს ეცნობება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის წერილით.

რაც შეეხება გრანტებს, რომელთა გაცემა არ საჭიროებს საქართველოს მთავრობის თანხმობას, ჩამონათვალი ასეთია:

საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გაცემულ გრანტებზე;

საქართველოს ფარგლებს გარეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების მიღებისა და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ ფინანსურ დახმარებაზე;

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ („Horizon Europe“), ევროკავშირის პროგრამა „ერაზმუს+“ („Erasmus+“), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ („Creative Europe“) პროგრამის ფარგლებში გაცემულ გრანტებზე;

2025 წლის 17 აპრილამდე დადებულ გრანტის ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ გრანტის ხელშეკრულებაში შეიცვალა ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კომპონენტი.

საქართველოს მთავრობის თანხმობას არ საჭიროებს საერთაშორისო საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემული გრანტები, გარდა ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

„სახელ­მწი­­ფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩარ­თუ­­ლობა თანამშრომლობის გზით“ და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებით თანხმობა გაიცემა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ოქტომბრის №320 დადგენილების შესაბამისად.