ახალი ამბები

როდის გაიზრდება მძღოლებისა და ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები

პარლამენტმა ავტოსაგზაო სამართალდარღვევებზე სანქციები გაამკაცრა. ცვლილებები ეხება როგორც ქვეითად მოსიარულე პირებს, ასევე მძღოლებს.

ქვეითებისთვის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა აქამდე 10-ლარიან ჯარიმას იწვევდა.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი კანონის ძალას მიიღებს, ჯარიმა 50 ლარი გახდება.

ამასთანავე, ერთი წლის ვადაში იმავე დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ამჟამად ჯარიმა 20 ლარია, დაგეგმილი ცვლილებებით კი 100 ლარი ხდება.

კანონს ემატება ორი მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ქვეითების მიერ ჩადენილ იქნა ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ერთ წელში დანაშაულის განმეორება კი 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

იმ დროს როცა ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება, ქალაქ თელავში მცხოვრები მოსახლეობა შუქნიშნების მოწესრიგებას ითხოვს. ამბობენ, რომ შუქნიშნები ძირითადად დამონტაჟებულია ცენტრალურ და მანქანებით დატვირთულ გზებზე, თუმცა გაუმართავია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შუქნიშნებზე ფეხით მოსიარულეთა და ავტომობილების გადაადგილების მაჩვენებელი ერთდროულად ინთება, რის გამოც, მათ მანქანების კოლონის მოძრაობასთან ერთად უწევთ გზის გადაკვეთა. მოსახლეობის განმარტებით, ხშირია აღნიშნული პრობლემის გამო ავარიებიც.

,,აღმაშენებლის გამზირზე შუქნიშანს იქნებ ვინმემ მიხედოს. როგორ შეიძლება ქვეითის და ავტომობილის გადაადგილების მაჩვენებელი ერთდროულად ინთებოდეს? ელოდები როდის აინთება მწვანე რომ გადაკვეთო გზა ამ დროს იძვრება ავტომობილების კოლონა. თან იცით როგორი მოძრაობაა და ასეთ ნაკადში როგორ ვიმოძრაოთ?, გამოდის რომ ვარღვევთ მოძრაობის წესებს?”,– წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

მოქალაქეების თქმით, წლებია ამ პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ითხოვენ. ამბობენ, რომ ხშირია შემთხვევები, როცა გზის გადაჭრის დროს ტრანსპორტი ფეხით მოსიარულეს ეჯახება.

,,გარდა იმისა, რომ ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ უბედურ შემთხვევას აქვს ადგილი, ამას ემატება ჯარიმები. ჯერ მოაწესრიგონ გადასასვლელები და შემდეგ თუ დაარღვევს ქვეითი, უნდა გადაიხადოს კიდეც ჯარიმა. ვემხრობი ამ ჯარიმებს, რადგან ბევრი ქვეითი არღვევს სიარულის წესებს და მძღოლებსაც ხშირად უქმნიან საავარიო სიტუაციას. თუმცა, სანამ დაგვაჯარიმენე, მანამდე ინფრასტრუქტურა გამართონ”.

რაც შეეხება მძღოლებს, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული, 200-ლარიანი ჯარიმით დაისჯება (ადრე 100 ლარი). ასეთებად ჩაითვლება მაგალითად, გადაკეთებული მაყუჩის მქონე მანქანები. პოლიციას ექნება უფლება, მძღოლი ჩამოაშოროს მართვას და ავტომობილი სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს.