ახალი ამბები

ქონების ჩამორთმევა, ელექტრონული სამაჯური – „ოცნება“ ფინანსური დანაშაულის აღსრულების მექანიზმებს ამკაცრებს

„ოცნება“ ფინანსური დანაშაულის შემთხვევაში მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე, დაკავშირებული პირებისგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღებას ამარტივებს, რათა დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება მოხდეს.

ამასთან, მსჯავრდებული ზარალის ანაზღაურებამდე ვერ დატოვებს ქვეყანას და მას ელექტრონული სამაჯურს გაუკეთებენ.

მმართველი ძალისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში „ოცნების“ დეპუტატებმა ცვლილებები პარლამენტში უკვე დააინიიცირეს, რის შესახებაც მამუკა მდინარაძემ დეტალურად ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მან განმარტა, რომ ფინანსური დანაშაულის ჩამდენი თავის ვალდებულებას ქონების ოჯახის წევრებზე გადაფორმების შემთხვევაშიც ვერ აარიდებს თავს.

„ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულების ჩამდენ პირებს – გაწერილია კონკრეტული ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულები, რომლის ჩადენის შემთხვევაში, მარტივდება დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე, დაკავშირებული პირებისგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჩაიდენს ფინანსურ დანაშაულს, ეკონომიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით, მარტივდება დამნაშავისგან და მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე, დაკავშირებული პირებისგან ქონების, თანხის ამოღება. ეს თუ სხვადასხვა ხანგრძლივ პროცედურას მოითხოვდა, მათ შორის, სამოქალაქო დავას ცალკე, რომელიც წლები გრძელდებოდა, ეს ახლა იქნება გამარტივებული.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში, სოციალური დაცვის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით, შედის ცვლილება, რომლის უზრუნველსაყოფად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევა ცვლილება, რომლის თანახმად, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია, გარკვეული ვადით, შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. განსაზღვრული იქნება კონკრეტული ვადებიც, ეს ვადები მიბმული იქნება ორმაგ ვადაზე, განისაზღვრება ორმაგი ვადით, ვიდრე არის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადები. ნაკლებად მძიმეზე 6 წელი, რადგან ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, ანუ 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით პირს ქვეყნის დატოვება, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც ბრალდებული ჩაიდენს ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს, გამარტივდა დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება, რომელსაც სისხლისსამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით ეს ცვლილება უზრუნველყოფს თავის მხრივ და მეორე – ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს და ამის უზრუნველყოფის საშუალება იქნება სამაჯური. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვახდენთ იმ მიდგომის პრევენციას, როდესაც დამნაშავე ამბობს, რომ დავჯდები, 2 წელი, 3, 5, 7 წელი და ამ ერთ მილიონს, რომელიც მივაყენე დაზარალებულს, შევირჩენ, ან ჩემს მეგობარზე გავაფორმებ, ან დედაზე, მამაზე, ბიძაშვილზე და ა.შ. და ეს მაინც შემრჩება – ეს იქნება ამ ცვლილებით გამორიცხული”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.