ახალი ამბები

UK საელჩო – ვწუხვართ, რომ მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებულია, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად, გააუქმოს დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.

დიდი ბრიტანეთი წუხს, რომ საქართველოში ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების წინ, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირისის სადამკვირვებლო მისია და არც მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა ხდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შესაძლოა დემოკრატიული პროცესისთვის უკუსვლად ჩაითვალოს და საზოგადოების ნდობა შეარყიოს.

„ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა.
პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ საქართველოში“.