ახალი ამბები

„მუკუზანი ღვინის სარდაფი“ აზერბაიჯანის ბაზარზე შევა

ღვინის მწარმოებელი კომპანია შპს “მუკუზანი ღვინის სარდაფი”, აზერბაიჯანის ბაზარზე შევა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე „CASPIAN AGRO 2025“ მიიღო მონაწილეობა, რაც ნაყოფიერი აღმოჩნდა. უწყების ინფორმაციით, გამოფენაზე საქართველოდან შვიდმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

„ბაქოს გამოფენა ძალიან ეფექტური გამოდგა. ძალიან კარგი შედეგებით დავბრუნდით. უახლოეს მომავალში, რამდენიმე თვეში, აზერბაიჯანის ბაზარზე ღვინოს შევიტანთ, სადაც პირდაპირი გაყიდვები განხორციელდება”, – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საწყის ეტაპზე აზერბაიჯანში სატესტოდ 10,000 ბოთლი ღვინის ექსპორტი იგეგმება. გარდა ამისა, კომპანიის მიმართ ინტერესს იჩენენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც.