ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა – პაველ ჰერჩინსკი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“რა თქმა უნდა, აქტიურად ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოში, როგორც მანამდე ვთქვი, ევროკავშირი ეფუძნება ძალიან ცხად პრინციპებს, ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია, დემოკრატია ნიშნავს მრავალპარტიულ სისტემას, მოქალაქეებისთვის შესაძლებლობას, რომ შექმნან პოლიტიკური პარტიები, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში. პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები. ადამიანები აკეთებენ დათმობებს და ქმნიან საერთო პოზიციას, გაგებაზე, ტოლერანტობაზე, ევროკავშირის მიმართულებით სვლაზე დაფუძნებით და სამწუხაროდ, ეს არ არის, რაც საქართველოში ხდება”,- განაცხადა ელჩმა.
13 მაისს ერთპარტიულმა პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პარტიის აკრძალვა შეეძლება, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებული მიზნის, საქმიანობის არსისა და პერსონალური შემადგენლობის იდენტური იქნება.

