ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ
ავტოსადგურები სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. რეგულაციის ამოქმედებამდე 2 კვირა რჩება.
1-ლი ივნისიდან ქვეყანაში არსებულ ყველა ავტოსადგურს კანონით დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს. თითოეული მათგანი ფუნქციონირებისთვის საჭირო სერტიფიცირების მიღებისთვის ემზადება.
როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსთან” განაცხადეს, ავტოსადგურების ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რათა მათგან მიიღონ შესაბამისი თანხმობები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე, მუშაობს ავტოსადგურთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილებაზე.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება წარმოეშობა 2025 წლის 1-ლი ივნისიდან“.
როგორც სააგენტოში განმარტეს, ავტოსადგურებს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც ექნება შესაძლებლობა, რომ სერტიფიკატი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან მიიღონ.

