ახალი ამბები

ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

2025 წლის 1-ლი მაისიდან წარმოშობილ განაცემზე საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით.

ამასთან, 2025 წლის 1-ლი მაისიდან საპენსიო სქემაში, ნებაყოფლობით ან/და ხელახლა გაწევრებისთვის დასაქმებულმა/თვითდასაქმებულმა, დამსაქმებლის ნაცვლად, უნდა მიმართოს საქართველოს საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

გარდა ამისა, 1-ლი მაისიდან დამსაქმებლებს საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევაზე ფულადი სანქციები დაეკისრებათ.

კერძოდ, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი.

საპენსიო სააგენტო განმარტავს, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 1000 ლარით.

საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის აღება სავალდებულო ხდება

2025 წლის 1-ლი მაისიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის აღება სავალდებულო ხდება, ნებისმიერი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის პროცესის განვითარებას.

სააგენტოს ცნობითვე, აღნიშნული ნებართვის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში.