ახალი ამბები

18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. თავისუფალი მედიის სარჩელის განხილვა სასამართლოში იწყება.

სარჩელი 2023 წელს დარღვეულ უფლებებს უკავშირდება, როცა მედია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა, პოლიცია კი მათ მუშაობაში ხელს უშლიდა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მედიის წარმოამდგენლები გახდნენ როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი. ეს ის საქმეებია, რომელზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება წელიწადნახევრის წინ დაიწყო, მაგრამ ყველა თაროზეა შემოდებული.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაშავდა “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაიაც. მას ფეხი მოტყდა და ამის გამო საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას გარკვეული პერიოდი ვეღარ ასრულებდა.

ოპერატორი ამბობს, რომ აქციებზე პირველი სამიზნეები სწორედ ჟურნალისტები და ოპერატორები არიან, რომლებიც რეჟიმის დანაშაულებს იღებენ.

თითქმის ორი წელი გავიდა მომხდარი ამბიდან, სადაც დავზარალდით ჟურნალისტები და ოპერატორები. არცერთ საგამოძიებო უწყებას დაზარალებულის სტატუსიც კი არ მოუნიჭებია ჩემთვის. ორი კვირის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო ჩემი დამოუკიდებლად გადაადგილება, რომ აღარაფერი ვთქვა პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე. ოპერატორების მიმართ აგრესია გამოიხატება ბევრი, სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა, წყლის ჭავლის მიზანმიმართულად გამოყენება, რის გამოც გვიზიანდება ხოლმე ხშირად აპარატურა. ოპერატორები ვართ სამიზნე, რომლებიც ვიღებთ მათ დანაშაულებს, რაც, რა თქმა უნდა, არ აწყობთ, – ამბობს ნიკო კოკაია.

ჟურნალისტებს და იურისტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპის გავლა მნიშვნელოვანია, რათა მასალები დოკუმენტირდეს და შემდეგ უკვე ევროპულ სასამართლოში გადაიგზავნოს.