ახალი ამბები

აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობებზე დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

„აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპების, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მოპოვებისა და გაუქმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

რეგულირების სფეროს შესახებ პირველ მუხლს დაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მინიჭება ემსახურება აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტებისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭებას.

ამასთან, ცვლილება შევიდა აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მოპოვების შესახებ მუხლში განცხადების განხილვის ვადებთან დაკავშირებით. განახლებული რედაქციით:

განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში ადმინისტრაცია განიხილავს სტატუსის მინიჭების მსურველი პირის განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას დაინტერესებული პირისთვის აგროტურისტული ან ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. სიახლეა ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია განახორციელებს ობიექტის მონიტორინგს, შესაძლებელია, აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადა გაგრძელდება მაქსიმუმ 60 დღემდე. ამასთან, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, წარდგენილ განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა არანაკლებ 5 სამუშაო დღის ოდენობით (აქამდე ვადა 20 დღე იყო). ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვისთვის ამ წესით დადგენილი ვადის დინება ჩერდება.

დადგენილებიდან ამოღებულია მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც ღვინის ტურიზმის საქმიანობის სტატუსი ავტომატურად ენიჭება იმ პირს, რომელსაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე-89-ე მუხლების შესაბამისად, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ჩართულია ადმინისტრაციის პროექტში − „ღვინის გზაში“ და აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ამას გარდა, განახლდა და გაფართოვდა აგროტურისტული საქმიანობის სტატუსის მინიჭების სავალდებულო კრიტერიუმები, რომელსაც შემდეგი სახე აქვს:

ა) დაინტერესებული პირი ფერმერული მეურნეობის ტერიტორიაზე საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით ახორციელებს ჩამოთვლილი ტურისტული მომსახურებიდან ერთ-ერთს მაინც: განთავსება, კვებით მომსახურება, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული და სხვა აქტივობა;

ბ) დაინტერესებულ პირს აქვს მოწესრიგებული და ესთეტიკურად გამართული ეზო/კარ-მიდამო;

გ) დაინტერესებულ პირს აქვს სტუმრებისთვის განკუთვნილი ცალკეული სანიტარიული კვანძი (გარდა საყოფაცხოვრებო სანიტარიული კვანძისა);

დ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტში მიმდინარეობს სტუმრების მიღება;

ე) კვებითი მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში ობიექტს გააჩნია მენიუ;

ვ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტს გააჩნია ტურისტული მომსახურებების პრეისკურანტი (ფასების ფურცელი).

ღვინის ტურისტული საქმიანობის სტატუსის მინიჭების სავალდებულო კრიტერიუმები კი შემდეგია:

ა) მომხმარებელს სთავაზობს ღვინოსთან დაკავშირებულ ერთზე მეტ მომსახურებას, მათ შორის, სულ მცირე: ღვინის დეგუსტაციის მომსახურებას; ღვინისა და კერძის შეხამების მომსახურებას; ადგილისთვის დამახასიათებელი კერძების მასტერკლასს; რთველში მონაწილეობის შესაძლებლობას;

ბ) დაინტერესებულ პირს აქვს მოწესრიგებული და ესთეტიკურად გამართული ეზო/კარ-მიდამო, მარანი, სადეგუსტაციო სივრცე;

გ) დაინტერესებულ პირს აქვს სტუმრებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური სანიტარიული კვანძები (სანიტარიული კვანძი არ უნდა იყოს განთავსებული მარნის სივრცეში ან მის სიახლოვეს და უნდა მდებარეობდეს მისგან მოშორებით. ასევე, მომხმარებელთა მომსახურების ობიექტს აქვს სტუმრებისთვის განკუთვნილი ცალკეული სანიტარიული კვანძი, გარდა საყოფაცხოვრებო სანიტარიული კვანძისა);

დ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტი აღჭურვილია შესაბამისი ღვინის საწარმოო ჭურჭლეულით (ღვინო არ ინახება იმგვარ პლასტმასის ბიდონებში, რომლებიც არ არის განკუთვნილი ღვინის შესანახად. ასევე, მარანში არ გამოიყენება პლასტმასის ჭურჭელი, მაგ.: არ ხდება პლასტმასის დიდი ზომის ჭიქით ქვევრიდან ღვინის ამოღება და ა. შ.);

ე) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტზე, მომხმარებლების გამასპინძლებისთვის უნდა იყოს ღვინისთვის შესაბამისი ჭურჭლეული (მაგ.: მინის ან თიხის დოქი, დეკანტერი, თიხის ან მინის სასმისები, ქვევრის შემთხვევაში − ღვინის ამოსაღები ორშიმო, ხაპი, ორხელი ან სხვა);

ვ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტი ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად, ყველა სეზონზე;

ზ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტში მიმდინარეობს სტუმრების მიღება;

თ) კვებითი მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში ობიექტს გააჩნია მენიუ;

ი) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტს გააჩნია ტურისტული მომსახურებების პრეისკურანტი (ფასების ფურცელი);

კ) მომხმარებელთა მომსახურების ობიექტი სრული კალენდარული წლის განმავლობაში აწარმოებს დროის ერთ მონაკვეთში მისაღებ სრულწლოვან სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის გამასპინძლებისთვის საკმარის ღვინოს