ახალი ამბები

თელავში ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის მე-11 ტომისა და ექვთიმე ათონელის მიერ ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის მე-3 ტომის პრეზენტაცია გაიმართა

თელავში შედგა ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის მე-11 ტომისა და ექვთიმე ათონელის მიერ ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის მე-3 ტომის პრეზენტაცია.

გამოცემები მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური პროექტების ფარგლებში. ეპისტოლური მემკვიდრეობის პროექტი უწყვეტად. ხორციელდება 2010 წლიდან.

XI ტომი დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილების მე-10 ნაწილს, რომლის ქრონოლოგიური ჩარჩოც მოიცავს 1878-1879 წლებში დაწერილ 92 წერილს. დღეისათვის გამოცემულია გრიგოლ ორბელიანის 1021 წერილი. ამ ტომეულით სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოვიდა პოეტის 573 ეპისტოლე, შუქი მოეფინა არაერთ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ფაქტს, დადგინდა თუ დაზუსტდა არაერთი პიროვნების ბიოგრაფიული დეტალი, ახალი კუთხით წარმოჩნდა მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიული მოვლენები და სხვ.

გამოცემა მომზადდა მზია გიგაშვილის, ქეთევან გიგაშვილის, მაია ნინიძის, გიორგი გოცირიძის, ნათია ხუცურაულის, ლია კიკნაძის, არსენ ბერთლანის, თამარ ლეკაიძის მიერ.

ექვთიმე ათონელის მე-3 ტომში დაიბეჭდა „ბაგრატ ტავრომენელის ცხოვრება და მოქალაქობა“, „აკეფსიმას, იოსებისა და აითალას წამება“ და „მენას, ერმოგინესა და ევღრაფოს წამება.“ გამოცემას ახლავს ბერძნული ტექსტებიც და ინგლისური თარგმანებიც.
ორივე ტომი აღჭურვილია სრულყოფილი კრიტიკული აპარატით: ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური გამოკვლევით, კომენტარებით, საძიებლებითა და ლექსიკონით.

ექვთიმეს მე-3 ტომს ასევე ახლავს ბერძნულ წყაროებთან ქართული თარგმანების მიმართებისა და თხზულებათა შემცველი ნუსხების ურთიერთმიმართებისადმი მიძღვნილი გამოკვლევები, ასევე ენობრივი ანალიზი. გამოცემა მომზადდა ქეთევან გიგაშვილის, სოფიო სარჯველაძის, არსენ ბერთლანის, გრიგოლ ბენდელიანის, თეონა მეტრეველის მიერ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების პედაგოგები, თელავის უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები.