“უნდა გაუქმდეს ან გადახედოს” – ეუთო/ოდირი შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს კრიტიკულად აფასებს
ეუთო/ოდირმა, საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, 6 თებერვალს პარლამენტის მიერ “შეკრებისა და მანიფესტაციის” კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცვლილებები ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის.
შეფასებასთან ერთად, ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული და პარლამენტისვე არჩეული პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი, არღვევს ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციის 21-ე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლებს.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონში ზოგიერთი ცვლილება მანიფესტაციის ჩატარების წესებისა და ადმინისტრაციული სასჯელის შესახებ, უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს, ან საერთოდ გაუქმდეს.
“ზოგიერთი ცვლილება, მათ შორის სპონტანური შეკრებების შესახებ წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა, შეკრებების დახურულ სივრცეებში ან შენობებში ჩატარების ზოგადი აკრძალვა, თუ მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არსებობს, დროებითი ნაგებობების აღმართვის აკრძალვა ან ნიღბებითა და სხვა საშუალებებით სახის დაფარვის საერთო აკრძალვა, ასევე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის მძიმე სანქციები, უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადახედოს. აღსანიშნავია, რომ არაპროპორციული სასჯელი შეიძლება საკმარისი იყოს იმისთვის, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების დარღვევად ჩაითვალოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
მოქმედი კანონის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანისთვის, ეუთო/ოდირი რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელთა შორისაცაა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისთვის ცვლილებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება, ჯარიმების შემცირება და სხვა.
“ოცნებამ” “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ცვლილებები III მოსმენით მიიღო.