ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს – დღეს ქალთა მარში გაიმართება
ხვალ, ,,ქალთა მოძრაობამ”, ქალთა მარში დაანანსა. მსვლელობა, ქალები რეჟიმის წინააღმდეგ, ხვალ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 19:30 საათზე დაიწყება.
როგორც ,,ქალთა მოძრაობაში” აცხადებენ, რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად უძღვნის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით და რუსთაველისკენ მსვლელობას გამართავენ.
,,2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმრებთან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს. მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმსა და პოლიციურ რეჟიმს, რომელმაც დაამწყვდია უდანაშაულო ადამიანები ციხეში, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე.
ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს! 8 მარტს, 19:30 საათზე, შემოგვიერთდი რესპუბლიკის მოედანზე და ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!
თბილისის გარდა, 8 მარტს მარშები გაიმართება ქუთაისსა და ბათუმში.”