ახალი ამბები

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს გააძლიეროს ძალისხმევა ქალთა უფლებების დასაცავად

სახალხო დამცველი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას თემით: „ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები, თანასწორობა გაძლიერება.“ წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ყველა ქალისა და გოგოსთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობას და მოგვიწოდებს უფრო მეტად ვიმოქმედოთ რეალური ცვლილებების მისაღწევად.

ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა, რომელთა გადაჭრა საჭიროებს ერთობლივ ძალისხმევას. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში”,- ნათქვამია განცხადებაში.