პარლამენტში ბოლო პერიოდში კანონპროექტების 86% დაჩქარებულად განიხილეს – საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არალეგიტიმური პარლამენტი რეპრესიულ კანონებს დაჩქარებული წესით ამტკიცებს.
“„ქართული ოცნება“ ფორმალური დემოკრატიის დაცვაზეც კი უარს ამბობს და გადაწყვეტილებებს სწრაფად, განხილვის გარეშე იღებს”, – აცხადებენ საიაში.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარლამენტში ბოლო პერიოდში დაინიცირებული კანონპროექტების 86% დაჩქარებულად განიხილეს. კერძოდ, ბოლო სამ თვეში 37 საკანონმდებლო ინიციატივიდან 20 დაჩქარებული წესით განიხილეს, ხოლო 12 – გამარტივებული პროცედურით მიიღეს.
“სამართლებრივი სახელმწიფოსა და უსაფრთხოების პრინციპებს ზიანს აყენებს დაჩქარებული პროცედურების უსაფუძვლო გამოყენება, რაც კანონის ლეგიტიმაციასა და ხარისხზე აისახება”, – აცხადებენ საიაში.

