ახალი ამბები

პარლამენტმა NGO-ების ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად სსიპ-ის შექმნის შესახებ კანონი მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის უფლება ექნება.

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები 80 ხმით მიიღეს.

კანონის ამოქმედებისთანავე, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნება, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გრანტებს გასცემს შემდეგ მიმართულებებზე:

  • განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა;
  • სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა;
  • სამეცნიერო გრანტების გაცემა;
  • ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა;
  • ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა;
  • დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებისადმი დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით მათთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა;
  • საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა;
  • საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისთვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
  • საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერა.

მთავრობის ინფორმაციით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, რაც მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას, ასევე, გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში დაახლოებით, ათი პირი დასაქმდება.