მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე ავტოსკოლის დოკუმენტის წარდგენა აუცილებელია
როგორც მომსახურების სააგენტო განმარტავს, მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულების (ავტო სკოლის) მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა, თუ დაინტერესებულ პირს სურს გავიდეს გამოცდაზე და მიიღოს: C, D, BE, CE, DE, T, S კატეგორიის ან/და C1, D1, C1E, D1E ქვეკატეგორიების მართვის უფლება.
გარდა ამისა, სააგენტო განმარტავს, რომ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში ან საჯარო სკოლაში შესაბამისი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭიროა 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ B კატეგორიის ან/და B1, A1 ქვეკატეგორიის მართვის უფლება.
ცნობისთვის, კატეგორიების განმარტება ასეთია:
A– მოტოციკლი
B – მსუბუქი ავტომობილი,
C – ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
D – ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე „D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება;
BE – კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;
CE – C”კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
DE – D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
T – სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
S – საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან
ქვეკატეგორიები:
A1 – მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);
B1 – მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;
C1 – ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1“ ქვეკატეგორიას ან „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
D1 – მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
C1E – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
D1E – „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე 1 659 840 მართვის მოწმობა გაცემული. ამასტან, შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს მართვის მოწმობა საქართველოში 28 733 პირმა აიღო.

