წინანდალში წარმოებული ღვინო, ამერიკის, ჩინეთისა და კორეის ბაზარზე გავა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში წარმოებული ღვინო ამერიკის, ჩინეთისა და კორეის ბაზარზე გასვლას გაზაფხულიდან გეგმავს, – ამის შესახებ კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებელმა ზაზა ასათიანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ღვინის ქურდები” მოლაპარაკებებს იტალიასთან და გერმანიასთან აწარმოებს. ზაზა ასათიანის შეფასებით, ღვინო 2025 წელს აღნიშნულ ბაზრებზეც უნდა გავიდეს.
“მიმდინარე წელს დამატებით საექსპორტო ბაზრებზე განვითარების კუთხით აქტიური მუშაობა დავიწყეთ. მაგალითად, კომპანია 2017 წლის შემდეგ არ გავსულვართ ამერიკის ბაზარზე და მიმდინარე წელს, დაახლოებით მარტში პირველ შეკვეთას გავგზავნით. გარდა ამისა, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კორეისა და ჩინეთის ბაზარზე და ამჟამად, ტექნიკურ ლოგისტიკური საკითხებს ვაწესრიგებთ და გვაქვს იმედი, რომ გაზაფხულზე სამივე საექსპორტო ბაზარზე ვიქნებით წარმოდგენილი. კომპანიის სამომავლო გეგმებში იაპონიაც მოიაზრება, რომელზე მუშაობასაც აღნიშნული ბაზრების ათვისების შემდეგ უფრო აქტიურად დავიწყებთ.
ჯამში ამ ეტაპზე ექსპორტზე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გავდივართ. ნორვეგია ჩვენი ნომერ პირველი ბაზარი, სადაც ყველაზე წარმატებული ქართული ღვინის კომპანია ვართ გაყიდვების კუთხით. გარდა ამისა, ვართ ავსტრიასა და საფრანგეთში. ზოგადად, ამჟამად საექსპორტო გაყიდვების 100% ევროპაზე მოდის და კომპანიისთვის ევროპული ბაზარი უმთავრესი პრიორიტეტულია. მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, ვაწარმოებთ ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან – მათ შორის, იტალიასთან და გერმანიასთან”, – აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ ზაზა ასათიანი.
ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე კომპანია მათ ღვინის ბრენდირებასა და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში ეხმარებოდა.
წინანდალში მოქმედი კომპანია “ღვინის ქურდები”, 2025 წელს ქარხნების მშენებლობას გეგმავს

