ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს „სერიოზული რეგრესს“ უწოდებს

საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების „დაჩქარებული“ მიღება „საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის 7 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას.

„ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არ ამართლებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ არსებულ არანაირ მოლოდინს,“ – ნათქვამია კალასისა და კოსის განცხადებაში. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად“.

მათ ასევე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, და უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავს. ამჟამად მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“.

ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დასძინეს, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მიმართულ ყოველგვარ ძალისხმევას.