გასულ წელს ავარიებში 444 ადამიანი დაიღუპა
გასულ წელს საქართველოში ავტოავარიებით 444 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 587 ადამიანი დაშავდა. ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების შემთხვევებს.
ჯამში, 2024 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, 5 866 შემთხვევა დარეგისტრირდა. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწევ მიზეზებს, ყველაზე მეტი – 2 926 შემთხვევა დაფიქსირდა სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევის გამო; 394 ფაქტი – მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებით იყო გამოწვეული; 358 – შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევით.
ავტოავარიების გამომწვევ ძირითად ტოპ-8 მიზეზს შორის არის ასევე:
დისტანციის დაუცველობა – 294 შემთხვევა;
საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 279 შემთხვევა;
ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 236 შემთხვევა;
მოხვევის მანევრი – 234 შემთხვევა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 185 შემთხვევა.
რაც შეეხება ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს 54 984 შემთხვევა დარეგისტრირდა.