სურსათის ბანკი მარტის ბოლოს ამუშავდება
საქართველოში სურსათის ბანკის ამოქმედება, მიმდინარე წლის მარტის ბოლოს იგეგმება,– ამის შესახებ „FAO საქართველოს“ პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი ევროკავშირის ინიციატივით და დაფინანსებით ხორციელდება. როგორც ჰორეკა სექტორი, ასევე რითეილ სექტორიც მზაობას გამოთქვამს, რომ აკუმულირებული ჭარბი სურსათი დონაციაში გასცენ.
„ეს არის პირველი მცდელობა საქართველოსთვის და ზოგადად რეგიონში. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც მსგავსი კანონი აქვს. უნდა დავაკვირდეთ რა იმუშავებს, ქართულ ბაზარზე რა უნიკალურ რეალობებს წავაწყდებით და ა.შ. თბილისსა და წყალტუბოში სასაწყობე სივრცეების ბოლო შტრიხების მოწყობა მიმდინარეობს. შესყიდულია სადისტრიბუციო მანქანები ანუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. თუ რამე განსაკუთრებული ხელის შემშლელი ფაქტორი არ იქნება, მარტში, ეს პროცესი უნდა გაეშვას. ვინაიდან საპილოტეა, თამასა აწეული გვაქვს, რათა მაღალი სტანდარტებით მოხდეს ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს არის ევროკავშირის ინიციატივა. რესურსები საპილოტე პროექტისთვის, მათი მხრიდან გამოიყო. ეს იყო დაახლოებით 1 მლნ ევრომდე, რომელიც საპილოტე პროცესს უნდა მოხმარდეს და შესაბამისად აქ გათვალისწინებულია როგორც მთლიანი პროცესის მართვა, ასევე თვითონ სურსათის ბანკის საოპერაციო ხარჯები“.
სურსათის ბანკი ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. ის ისეთ ქვეყნებში არსებობს, როგორებიცაა: ბელგია, იტალია და საფრანგეთი. პროექტში, მათ შორის, რესტორნები და სასტუმროები მონაწილეობს. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ბანკში ისეთი პროდუქცია ვერ მოხვდება, როგორებიცაა ხორცი და რძის პროდუქტები. სწორედ, ამიტომ საქართველოში სურსათის ბანკში პირველ ეტაპზე ჰორეკა სექტორი პროდუქციას არ განათავსებს.
,,კონცეფციაა ახალი. სურსათის ბანკის კონცეფცია, ის რომ ჭარბი, უვნებელი სურსათი მოიხსნას, ორგანიზებულ სისტემაში ჩაეშვას და ბენეფიციარს გადაუნაწილდეს, ასეთი გამოცდილება არ არსებობდა საქართველოში. სწორედ ამიტომაც, ამას იმიტომ დასჭირდა 4-5 წელი, როდესაც Fao-მ ევროკავშირის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2017-18 წელს დავიწყეთ საკითხის მომზადება, უამრავი თემის დამუშავება და დეტალური კვლევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოგვეყენბინა ის რაც ევროკავშირშია, თუმცა ქართულ რეალობაზე მაქსიმალურად მოვრგებოდით“.
კახეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ინიციატივას დადებითად აფასებს. აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ეს დიდი შვება იქნება. ნაწილს მიაჩნია, რომ სურსათის ბანკში ვადაგასული პროდუქტი მოხვდება. თუმცა, საპილოტე პროგრამის ინიციატორების განცხადებით, სურსათის ბანკში უნდა მოხვდეს მხოლოდ უვნებელი და არა ნარჩენად გადაქცეული სურსათი. ეს უნდა იყოს სურსათი, რომლის პირველი ვადის გასვლამდე დარჩენილი შეიძლება იყოს ცოტა დრო, ან ჰქონდეს მცირედი დაზიანება შეფუთვაზე.
,,პროგრამს დადებითად ვაფასებ, თუმცა ცოტა საშიშია, ხომ არ მოხვდება დახლებზე ვადაგასული პროდუქტი? ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს და სოციალური ფონიც მძიმეა, ასეთი პროექტები უნდა მუშაობდეს და ბიზნესსაც ქონდეს თავისი წილი პასუხისმგებლობა”.
მარკეტები და ქსელური სუპერმარკეტები სურსათის ვარგისიანი ნარჩენების ბენეფიციარებისთვის განაწილების შემთხვევაში დღგ-ს და მოგების გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.
,,მარკეტებს და ქსელებს, რომლებიც ვადიანი პროდუქტის განაწილებას განახორციელებენ ბენეფიციარებისთვის, საგადასახადო შეღავათი ექნებათ, დღგ-ს ჩათვლის უფლებით და გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან. საუბარია არამალფუჭებად პროდუქციაზე: შაქარი, ყავა, ბურღულეული და სხვა”.

