PACE-ს პრეზიდენტი “ოცნების” მიერ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება
“ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით”, – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ “ოცნება” საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტენ.
„ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა.
ცნობისთვის, PACE-ს მიერ გუშინ მიღებული რეზოლუციით, საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს “ოცნებამ” მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. “PACE საქართველოს ოფიციალურ პირებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა საშუალება მისცენ საქართველოს განაახლოს ევროპული ინტეგრაციის გზა, რაც შეესაბამება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, და მონდომებით დააჩქარონ საჭირო რეფორმები”, – აღნიშნულია PACE-ს რეზოლუციაში.
აღნიშნულის შემდეგ, “ოცნების” წევრმა თეა წულუკიანმა მალევე განაცხადა, რომ ასამბლეაში თავად წყვეტენ მუშაობას, რადგან დოკუმენტის დათქმები მიუღებელია, ვინაიდან იგი უსამართლო და საფუძველს მოკლებულია.