მოქალაქეები ყველაზე მეტ ფულს სურსათსა და მედიკამენტებში ხარჯავენ
საქართველოში საარსებო მინიმუმი 260 ლარს შეადგენს. იგი პროდუქტების ფასების შესაბამისად იცვლება, რომელიც გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.
მოსახლეობას მიაჩნია, რომ თანხა, რომელსაც სახელმწიფოს ანგარიშობს ერთ ადამიანზე იმისათვის, რომ ცოცხალმა გაიტანოს თავი, საკმარისი არ არის. აცხადებენ, რომ სურსათი ძვირდება, ხოლო საარსებო მინიმუმი იგივე რჩება.
,,ვისაც არც სამსახური აქვს და არც სხვა შემოსავალი, რა ქნან ამ ადამიანებმა? ყველას ხომ არ აქვს პენსიაც. გინდაც იყოს, არც პენსიაა საკმარისი, წამლებსაც ვერ ყიდულობს ხალხი ნორმალურად. 260 ლარად რა უნდა იყიდოს ადამიანმა, როგორ შეიძლება თვიდან თვემდე გაიტანო თავი ამ თანხით? საარსებო მინიმუმი ქვია, მაგრამ ეს მინიმუმიც არ არის. ჩემს გარშემო ხალხი ძირითადად, საკვებში და წამლებში ხარჯავს ფულს. დღიური სამუშაოებიც სეზონურია და არის თვეები რომ საერთოდ შემოსავალი არ გვაქვს. თან, ვირუსების სეზონია და წამლებიც მეტი გვეხარჯება. საარსებო მინიმუმი არაფერში არ არის საკმარისი”.
საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების (დენის+გაზის+წყლის) ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება, ტელეკომუნიკაციის ღირებულება, ჯანდაცვის სერვისების და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების მინიმალური საარსებო რაციონის ღირებულებას ეფუძნება.
,,ზამთარია და კომუნალურ გადასახადებშიც იმაზე მეტი ფულია საჭირო, ვიდრე ზაფხულში. მოსახლეობა ზოგი შეშით თბება და ზოგი გაზით, ორივე საკმაოდ ძვირია. ხალხი უფრო ღარიბი ხდება და საარსებო მინიმუმი არ იზრდება. შრომა არ მეზარება მე პირადად, მაგრამ ვერსად ვსაქმდები”, – აცხადებს ნუნუკა მოისწრაფიშვილი.
რა „აწყვია“ ამ კალათაში, ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება განსაზღვრავს და მასში 40 დასახელების პროდუქტია შეყვანილი, ყოველდღიური ულუფების მითითებული რაოდენობებით:
250 გრამი პური
70 გრამი ხორბლის ფქვილი
40 გრამი სიმინდის ფქვილი
40 გრამი ხორცი
40 გრამი თევზი
25 გრამი მაწონი
15 გრამი ხაჭო
50 გრამი სხვადასხვა დასახელების ხილი და ა.შ.
პროდუქტების წონები პირობითად ისეა გადანაწილებული, რომ დღეში 2300 კილოკალორია უნდა გამოვიდეს.
საქსტატის ფასების სტატისტიკის დეპარტამენტი
40 პროდუქტის ფასს ყოველთვიურად ითვლის საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში;
ამ მონაცემებზე დაყრდნობით ითვლის თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს მთელ ქვეყანაში;
და ბოლოს, ითვლის მინიმალური სასურსათო კალათის თვიურ ღირებულებას.
მე-20 წელია, ამ კალათაში ერთი და იგივე აწყვია, თუმცა წლებისა და თვეების განმავლობაში იცვლება პროდუქტების ფასები.
სტატისტიკის სამსახური 20 წელზე მეტია, ერთი და იმავე მეთოდოლოგიით ითვლის საარსებო მინიმუმს. წლებია, ექსპერტები, სოციალური პოლიტიკის მკვლევრები და სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს მეთოდოლოგია მოძველებულია.