ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

აქტიური მოქალაქეობა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას შენს ქუჩაზე, შენს ქვეყანაზე- თორნიკე თევზაძე

სამოქალაქო აქტივისტი, უცხო ენების სპეციალისტი თორნიკე თევზაძე 63 დღეზე მეტია თელავში მიმდინარე აქციების მონაწილეა. ის აქტიური მოქალაქე და სხვადასხვა აქციის მონაწილეა 15 წლის ასაკიდან და თვლის, რომ სწორედ ეს არის აქტიური მოქალაქეობა.

თორნიკე განმარტავს, რომ თუ ადამიანი არსებულ პრობლემაზე ხმას არ ამოიღებს და მის მოგვარებას არ მოითხოვს, ის ჩაითვლება სისტემის მონაწილედ.

,,სკოლის პერიოდიდან ვიყავი აქტიური მოქალაქე და 15 წლის ასაკიდან დავდივარ აქციებზე, როგორც თბილისში, ისე რეგიონში. ბოლო დროს კი გურჯაანიდან თელავში დავდივარ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქუჩაზე, ჩვენი აქტიურობით შეგვიძლია მისი მოგვარება, თუმცა ამასთანავე აქტიურ მოქალაქედ გარდაქმნას ჭირდება თავისუფალი ნების გამოხატვა. თუ ადამიანმა არ ამოიღო ხმა რამე პრობლემაზე, ის რჩება სისტემის ნაწილად და არა აქტიურ მოქალაქედ. აქტიური მოქალაქეობა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას შენს ქუჩაზე, შენს ქალაქზე, შენს ქვეყანაზე.

თელავში 63 დღეზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი საზოგადოებრივი პროტესტი, ვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან ვთვლით, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები, მოქალაქეების ხმები იყიდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. გარდა ამისა, ვითხოვთ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, თავისუფლება ჟურნალისტ მზიას, მსახიობ ანდროს და სხვებს, რომლებიც უკანონოდ დააკავეს”,- აცხადებს თორნიკე knews.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხო და განვითარებული, აუცილებელია მისი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნება.

,,ევროკავშირი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის, რადგან ევროკავშირის გარეშე ჩვენ აღმოვჩნდებით რუსეთის პირისპირ, რომლის მიზანიც არის საბჭოთა კავშირის აღდგენა. ამიტომ ჩვენი ბრძოლა არის ევროკავშირისთვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის,”-განაცხადა თორნიკე თევზაძემ.