თბილისში, აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ელვინ ქარმოვი დაზარალებულად ცნეს
თბილისში მიმდინარე აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ელვინ ქარიმოვი დაზარალებულად ცნეს. ელვინის თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ის თბილისში მიმდინარე უწყვეტი აქციების დროს, სახლთან, უმიზეზოდ დააკავეს და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს.
მისი თქმით, გარდა ეთნიკური მიმართულებით მიყენებული შეურაცხყოფისა და ცემისა, სასამართლომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
,,აქციიდან სახლში მისვლის დროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამაკავეს, მათ ცემით წამიყვანეს მანქანისკენ, რომელიც მოშორებით იდგა. იქ მისულს გვარი მკითხეს და როგორც ჩემი გვარი ვუთხარი და მათ გაიგეს, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვიყავი, განსაკუთრებით სასტიკად გამისწორდნენ. ეს დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. შემდეგ კი აგრძელებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას”,- აცხადებს ელვინ ქარიმოვი Knews.ge-სთან საუბრისას.
ელვინი იხსენებს, რომ დაკავებისას, მას ყველა ნივთი, რაც ქონდა მოპარეს. მისი თქმით, 8 დღიანი პატიმრობის და დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ, აღნიშნულ საქმეში ის დაზარალებულად ცნეს.
,,მოსაცდელ მარშუტკაში, სადაც დაკავებისას მიმიყვანეს პირველად, მომპარეს ტელეფონი, მანქანის გასაღები და სხვა ნივთები. ამის შემდეგ კი მომისაჯეს 8 დღიანი პატიმრობა. ისედაც ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, რადგან ეს ყველაფერი არის სპექტაკლი. ცემისგან სახე მქონდა დალურჯებული, თავი დაზიანებული და ისედაც ვიცოდი, რომ სანამ ეს დალურჯებები არ გაივლიდა, არ გამომიშვებდნენ. როცა გამომიშვეს, ჩვენ საჩივრით მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დიდი ბრძოლის შემდეგ დაზარალებულად მცნეს,”-ამბობს ელვინი.