ახალი ამბები

სიღნაღში, ახალდაბადებულ ბავშვებზე გასაცემი თანხის ოდენობა გაიზარდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით ახალდაბადებულ ბავშვებზე გასაცემი თანხის ოდენობა 300 ლარიდან 700 ლარამდე გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური ხელშეწყობის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახები, პირველი და მეორე შვილის დაბადების შემთხვევაში მერიისგან 700 ლარს მიიღებენ. 500 ლარი მათ პირად ანგარიშზე, ხოლო 200 ლარი ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩაერიცხებათ, რომელსაც ბავშვის მოვლის საშუალებებსა და მედიკამენტებზე გამოიყენებენ.

აღნიშნული პროგრამით ის ოჯახებიც ისარგებლებენ, რომელთა ახალშობილიც 2024 წლის დეკემბერში დაიბადა.