ახალი ამბები

ფოტოთი მოყოლილი ამბავი – 1977 წლის დამაგრეველი სტიქია თელავში

თელავში, 1977 წელს, დამანგრეველი სტიქია მოხდა. გასულ წლებშიც სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტი არაერთხელ დააზარალა.

CENN–ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მდინარე თელავისხევი სათავეს იღებს გომბორის ქედის ჩრდილოაღმოსავლეთ კალთაზე და ჩამოედინება თელავში. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა _ ზაფხულსა და შემოდგომაზე. მდინარის სიგრძე 15 კმ, აუზის ფართობი (შენაკადებთან ერთად) – 80 კმ².

,,სტიქია შემდეგნაირად არის აღწერილი: „დაანგრია ან ძლიერ დააზიანა ქალაქის მრავალი ობიექტი – საწარმოო და სავაჭრო შენობები, საცხოვრებელი სახლები, სავარგულები, ქალაქზე გამავალი ღვარსაშვები ბეტონის არხი, ქუჩები, 5 საავტომობილო, 1 სარკინიგზო და 1 საცალფეხო ხიდი. მწყობრიდან გამოიყვანა წყალსადენი, გაზსადენი, ელექტროგანათებისა და კანალიზაციის ქსელები. ბლანტი ნალექით დაფარა ქუჩები, 5.8 კმ–ზე დააზიანა და ამოავსო ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხი; 1.6 მეტრი სიმაღლისა და 50 მეტრამდე სიგანის ღვარცოფმა წალეკა ზვრები, ბაღ–ბოსტნები, ყანები, საძოვარ–სათიბები. ხსენებული მდინარის ღვარცოფი წარსულშიც კალაპოტიდან მრავალჯერ გადმოვარდნილა, დიდი ზიანი მიუყენებია თელავისა და მის ქვემოთ სავარგულებისთვის“.

რაც შეეხება პრობლემის კომპლექსური შეფასებას, ბოლო 40 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა საფრთხეების საფუძვლიანი შეფასება, შესაბამისად, არ დაგეგმილა და განხორციელებულა საჭირო პრევენციული ღონისძიებები. ბოლო სტიქიური მოვლენის შემდეგ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რისკფაქტორები, რაც ძირითადად გამოწვეულია თელავისხევის აუზში 1990-იანი წლების შემდეგ განხორციელებული ტყის ინტენსიური ჭრებით, შედეგად, მდინარის შუა და ქვემოწელში, გარდა იმისა, რომ შემცირდა ტყის სიხშირე, ამასთანავე, ჩანაცვლდა ტყის შემქმნელი ძვირფასი სახეობები. რიგ შემთხვევებში კი, მათი ადგილი ბუჩქნარებმა დაიკავა.

,,სტიქიის საფრთხის საგანგაშო ხასიათის მიუხედავად, მდინარის წყალშემკრებ აუზში ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში დაბალი სიხშირის ტყის შუახნოვან კორომებში გამოყოფილი იყო ტყეკაფები. დეგრადირებულ უბნებზე დღემდე გვხვდება ხეტყის უკანონო მოპოვების შემთხვევები, რაც ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ტყეს კიდევ უფრო აჩანაგებს. ტყეს გააჩნია წყალმარეგულირებელი ფუნქცია, რაც გულისხმობს მოსული ნალექის შეკავებასა და ჩამონადენად მისი ფორმირების შენელებას, ეს კი ამცირებს წყალმოვარდნის რისკს კოკისპირული წვიმის დროს. ვინაიდან თელავისხევის წყალშემკრებ აუზში არსებული ტყეები გამეჩხერებულია, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, იგი ვერ ახერხებს ზემოხსენებული ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას 1978 წელს თელავისხევის შუა ნაწილში ღვარცოფდამჭერი 3 ნაგებობა აშენდა (ე.წ. ხერხეულიძის დამბა), კალაპოტში კი ხელოვნური მიწაყრილები მოეწყო. დროის ფაქტორისა და ეგზოგენური ძალების ზემოქმედების შედეგად ნაგებობები დაზიანებულია და ჩახერგილია ქვა-ღორღით (ფოტო 3, 4), ამასთან ერთად, პირველი დამბის შემდეგ წარმოქმნილია ჭალის ხშირი ტყე, რაც აგრეთვე ხელს უშლის წყლის გამტარუნარიანობას (ფოტო 4, 5) და ზრდის წყალმოვარდნის რისკს. წარმოდგენილი ფაქტორების ერთობლიობა მკაფიოდ მიუთითებს სტიქიის განმეორების მაღალ რსიკზე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს 1977 წლის სტიქიაზე მასშტაბური ნგრევა. არსებულ რისკებზე რეაგირება მოითხოვს მჭიდრო უწყებათშორისი თანამშრომლობით ერთიანი გეგმის მომზადებას და კონკრეტული ღონისძეიებების განხორციელებას, რომელთა ერთი ნაწილის სასწრაფო ხასიათისაა”.

მოსახლეობა იხსენებს, რომ თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და არსებული ხიდი მოვარდნილმა წყალმა დაანგრია. დაიტბორა ქალაქიც. მოსახლეობა სოციალურ ქსელში წერს, რომ 1977 წელს მოვარდნილ ღვარცოფს მსხვერპლი არ მოყოლია.

ეთერი ნაცვლიშვილი:
გამგეობის წინა ბინის ეზო ქვებით იყო სავსე და სადარბაზოები ამოქოლილი. ქვები კი არა ლოდები იყო ჩამოტანილი. ,,განთიადიდან” უნივერსიტეტემდე ქვებზე ხტომით ავედი, გადასწორებული იყო, ხევი სად იყო არ ჩანდა.
ალექსანდრა ედერ:
1977 წელი იყო მახსოვს კარგად, საშინელება იყო. მსხვერპლი არ მოჰყოლია, საბედნიეროდ.
ირა აგურაშვილი:
მახსოვს ეს საშინელი დღე. იმ ტალახში და უბედურებაში ვმუშაობდით დილიდან ღამემდე და ვასუფთავებდით უნივერმაღ ,,განთიადს”.
მაყვალა არჯევნიშვილი:
ქუდზე კაცი იყო გამოსული ქალაქის და ქუჩების გასაწმენდად.
მარტიკა ფარეშიშვილი:
ლამაზი იყო თელავი თავისი გამწვანებით. ეს დრო კი საშინელება იყო, წაღებული გზა და მდინარის კალაპოტი მთლად შეცვლილი, ღვარცოფი მოდიოდა.
ავთო გასანოვი:
ხევის ხმამ გამაღვიძა დილის 4 საათზე.

ბოლო წლების განმავლობაში არ აღდგენილა დაზიანებული კალაპოტი და დამცავი დამბები. სურათი მძიმეა მდინარის ხეობას ქალაქიდან თითქმის სათავემდე. ბოლო მონაცემებით, კალაპოტზე სამი დამბა დგას და თავდაპირველი გათვლებით, 1 საუკუნე უნდა გაეძლო. გასულია ნახევარი საუკუნე, თუმცა წლებია ღვარცოფისა და წყალმოვარდნისგან დამცავი დამბები ამორტიზებულია, დიდი ნაწილი კი მიწაშია ჩაფლული.

ფოტოები: დავით ნაცვლიშვილი