გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეიტანეს ივანიშვილის სანქცირების წინადადება
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლიარიმ, 16 იანვრისთვის 13 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
თუკი წინადადებას – რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა – მიიღებენ, სამუშაო ვერსიის მიხედვით, თემთა პალატა:
„გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო“;
„გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში“;
„ცნობად იღებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, გააკეთოს იგივე – დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის“;
„მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს, გადახედოს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და იყოს უფრო მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან ევროკავშირში, რათა გადადგას ნაბიჯები რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ;
„კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას“.
მაკკლიარის ჩათვლით, წინადადების მიღებას 13 პარლამენტარი ითხოვს. მათგან 11 ლიბერალ-დემოკრატია, ერთი – დემოკრატიული უნიონისტური პარტიიდან (DUP), ერთი კი – დამოუკიდებელი.