მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს. ადვოკატების სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 15 იანვარს შევიდა.
„შემთხვევის ადგილას სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იმყოფებოდა და თუ ვინმეს მოწმის სტატუსი აქვს, შეუძლებელია ობიექტურად მზია ამაღლობელმა ზემოქმედება იქონიოს მათზე.
მზიას ქმედება კი ვერ შეფასდება თავდასხმად. მიუხედავად ამისა, ბრალდების ეს ვერსიაც სასამართლომ დასაბუთების გარეშე გაიზიარა“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას და ამისთვის პროკურატურა მისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითხოვს (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).
14 იანვარს მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა.