ახალი ამბები

რა შემთხვევაში შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გამოტანა

გთავაზობთ საპენსიო სააგენტოს ინფორმაციას და პასუხებს მოსახლეობის ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.

1. ვინ არის დაგროვებითი სქემის მონაწილე?

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება, საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები, ან თვითდასაქმებულები.

2. რა საფუძვლით არის შესაძლებელი დაგროვებით პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება?

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
  • მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
  • საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;
  • საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.

3. ვისთვის არის სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება?

დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში).

4. ვისთვის არის ნებაყოფლობითი დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება?

დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისათვის, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში და თვითდასაქმებულისათვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.
აგრეთვე შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა, ნებაყოფლობით, გაწევრდიანდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.

5. რა არის საპენსიო აქტივი?

საპენსიო აქტივი არის დასაქმებულის/თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული ყველა აქტივის ერთობლიობა, რომლის განკარგვის უფლება დასაქმებულს/თვითდასაქმებულს წარმოეშობა საპენსიო ასაკის მიღწევის ან/და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. საპენსიო აქტივებზე არ ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

6. რა მოსდის საპენსიო დანაზოგს მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?

მონაწილის გარდაცვალების შემთვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებს შესაბამისი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, გადაეცემა მონაწილის კანონიერ მემკვიდრე(ებ)ს.

საპენსიო სააგენტოსთვის მონაწილის მემკვიდრის სათანადო მომართვის შემთხვევაში, მონაწილის მემკვიდრისთვის საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით, ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით.

7. საპენსიო ასაკში რა ფორმით შეიძლება პენსიის გატანა?

საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს:

  • პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;
  • ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;
  • მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ გვერდს: https://www.pensions.ge/ka/public-information/faq