უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა
უკრაინაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები კახა თილიძე.
ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ მისმა ახლობლებმა გაავრცელეს. უკრაინაში საბრძოლველად წასვლამდე, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. მანამდე კი კახა თილიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა.
თილიძე ხშირად აქვეყნებდა ვიდეოებს ფრონტის ხაზიდან და ფრონტზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა. 2024 წლის აგვისტოში ის ხარკოვის ოლქის მიმართულებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ფოტო: რადიო თავისუფლება