ახალი ამბები

ივანე ჩხაიძე – მოლოდინია, რომ გრიპის შემთხვევების ზრდა გაგრძელდება

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია – მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2024-2025 წლის სეზონზე დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდა არ არის ისეთი, როგორიც 2 წლის წინ იყო და შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად უცვლელია.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, დეკემბერში იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით 36 ბავშვი მკურნალობდა. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მათგან ვაქცინირებული არც ერთი ყოფილა და აქცენტს ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებს.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რა ხდება გრიპთან მიმართებაში. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო 3 კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მატულობს. საქართველოში გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება და მოლოდინი, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგი კვირების განმავლობაშიც და ალბათ, იანვარში მიაღწევს თავის პიკს. ეს სტატისტიკა წლების მიხედვით, პრაქტიკულად, არ იცვლება, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს. სწორედ დეკემბერ-იანვარი გახლავთ გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური პერიოდი, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ჯამში, სხვა ვირუსებთან მიმართებაში. ეს სტატისტიკაც გვაქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული”.