ახალი ამბები

საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 6.6%-ით გაიზარდა და 690 ათასს გადააჭარბა, იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.272 მლნ-ზე მეტია.

უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 690 496-ს შეადგენს, აქედან 460 603 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 229 893 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.

ამავე უწყების მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა, აქედან 207 542 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, 439 993 კი მხოლოდ შემწეობას იღებდა.

ამასთან, 1 272 572-ს შეადგენს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის დეკემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 213 539-ს.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ დღეისათვის საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ყოველი მე-5 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და სახელმწიფოს შემწეობას იღებს.