ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი-მე აქედან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას იმავე სამოსში გამოწყობილი აკეთებს ორბელიანის სასახლესთან, რომელიც მას ეცვა ინაუგურაციაზე თელავში
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას იმავე სამოსში გამოწყობილი აკეთებს ორბელიანის სასახლესთან, რომელიც მას ეცვა ინაუგურაციაზე თელავში.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად განცხადებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას.

ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

“იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში – 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.

მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს.

მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და ასევე გაიხსენა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიცემული თარიღი, რომლის თანახმადაც მეხუთე პრეზიდენტი ითხოვდა მასთან მოლაპარაკებას ახალი არჩევნების შესახებ 29 დეკემბრამდე.
სალომე ზურაბიშვილმა პაროდია უწოდა პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს პარლამენტში.