ახალი ამბები

რა წერია ეუთო/ოდირის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა „სერიოზული წუხილების ფონზე თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბოლო დროს მიღებულ კანონებს ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე“.

„ასევე აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“.

„არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასების დროს ODIHR-მა აღმოაჩინა, რომ საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა, რაც სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზღუდავდა, ხოლო პროტესტების ძალისმიერმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა მშვიდობიანად შეკრების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გააჩინეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

„მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა პასუხი გასცენ ყველა წუხილს,” – განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.