ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მყოფ აქციის მონაწილეებს დედების მარში შეუერთდა.

პარლამენტის წინ მყოფი მოქალაქეები მათ მისვლას ოვაციებით შეხვდნენ.

ისინი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს.

მათ ადგილზე ბანერები აქვთ მოტანილი “ხელი გაუშვით ჩემი შვილია”, ასევე, მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებიც.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ.

მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა არალეგიტიმური პროცესია.

ასევე, დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.

აქციის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც.

ასევე, შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზეც არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას.

საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას.