რა დროს და როგორ ხდება უვიზო რეჟიმის გაუქმება?
თუკი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ჯერ 9- და შემდეგ 18-თვიანი ეტაპის ფარგლებში ევროკომისიის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება და ქვეყანა [რომელსაც სავიზო ლიბერალიზაცია შეუჩერდა] – პროგრესს არ აჩვენებს, შესაძლებელია დადგეს ამ რეჟიმის სრულად გაუქმების საკითხი.
ევროკომისიას შეუძლია შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს [მინისტრების დონეზე]. განხილვა საჭიროებს ორდინარულ საკანონმდებლო პროცედურებს.
თუკი ევროკომისიის ინიციატივა დამტკიცდება – ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მქონეთა სიიდან [Annex II] შესაძლოა გადაინაცვლოს იმ ქვეყნების სიაში [Annex I], რომელთა მოქალაქეებსაც ვიზები ესაჭიროებათ.
ევროკავშირის საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, ორდინარული საკანონმდებლო პროცედურის დროს – საკითხს პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო პარალელურ რეჟიმში განიხილავენ.
გათვალისწინებულია საკითხის 3 მოსმენით განხილვა – როგორც ევროპარლამენტში, ასევე საბჭოში. პარლამენტს შეუძლია საბჭოს პოზიციის ჩაგდება და პირიქითაც.სხვადასხვა ეტაპზე, საკითხს უბრალო უმრავლესობის [მომხრე მეტია მოწინააღმდეგეზე] და აბსოლუტური უმრავლესობის [სრული სიის უმრავლესობა] თანხმობა ესაჭიროება. თუკი შეთანხმებას სწრაფად მიაღწიეს, პროცესი შესაძლოა პირველი მოსმენის ეტაპზევე დასრულდეს.
როგორც შეჩერების, ასევე გაუქმების საფუძვლები მტკიცედ უნდა იყოს დასაბუთებული.