ახალი ამბები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები 14-16 იანვარს საქართველოს ეწვევიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, 14-16 იანვარს საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით ეწვევიან, – ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

„ვიზიტის მიზანია შეაფასოს, საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს, შესაბამისობა მის ვალდებულებებსა და მოვალეობებთან, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ინსტიტუტებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას.

„ეს არის რეგულარული მონიტორინგის ვიზიტი და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა ლეგიტიმურობის ან იმ თანამოსაუბრეების შეხედულებების მიმართ, რომლებსაც შეხვდებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრესრელიზის თანახმად, თანამომხსენებლები აპირებენ მოინახულონ აქციის რამდენიმე დაკავებული მომაწილე, „რომელთა წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებებმა და დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია“.